აგვისტოს დღიურები

Изображение

დავით ჩხიკვიშვილი REUTERS

08.08.2008
07.08.08
იმ დღეს პირველად ჩავიცვი ლონდონში ნაყიდი ახალი ფეხსაცმელი… და ომი დაიწყო! იმის მერე აღარ ჩამიცვამს…

ოფისში დაახლოებით 12 საათზე მივედი. ნინო ივანიშვილმა (ჩვენი პროდიუსერია) მითხრა, რომ ცხინვალში რაღაც ხდებოდა და გასარკვევად უნდა წავსულიყავი.

ვიცოდი, რომ თემურ იაკობაშვილი იყო ცხინვალში და ვიფიქრე, რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ეჭვიც არ გამჩენია, რომ ომი იწყებოდა. ამ მიზეზით, თან არაფერი წამიღია ბიგანის (ინტერნეტთან დასაკავშირებელი სატელიტური თეფში) გარდა. ოფისში, ყოველთვის მაქვს სათადარიგო ტანსაცმელი და საჭმელი, მაგრამ არც დამიშვია, რომ დამჭირდებოდა. მეგონა, რომ უკან რამდენიმე საათში დავბრუნდებოდი.

მე, მაკა ანთიძე და მძღოლი წავედით. ნინო თბილისში დარჩა.

მეღვრეკისამდე დაუბრკოლებლად მივედით. იქ ერთ-ერთი რუსული პოსტი იყო… მგონი პირველი… ან მეორე… არ მახსოვს! ჟურნალისტები, ქართული არხებიდან, უკვე იქ იყვნენ. სიმშვიდე იყო. არავინ მოელოდა რამე განსაკუთრებულს.

იაკობაშვილის გამოსვლა გადავიღეთ… არც ამ დროს ჩაგვითვლია, რომ მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, გადაღებული მასალა ერთ-ერთ სათაო ოფისს გადავუგზავნეთ.

ამ დროს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ულტიმატუმი გამოცხადდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგვეცადა, თბილისში ჯერ არ დავბრუნებულიყავით.

ავტობუსის გაჩერებასთან ვიდექით. არ გვინდოდა ღამის იქ გათენება, მაგრამ მივხვდით – მოგვიწევდა. ქართული არხების ჟურნალისტები, ადგილობრივი მოსახლის მოტანილ ღვინოს სვამდნენ. მე მანქანაში ვიჯექი, ღვინო არ მინდოდა… ეტყობა ჩამეძინა… აფეთქების ხმამ გამომაღვიძა…

მოულოდნელობამ ბევრი პანიკაში ჩააგდო. ზოგიერთი მანქანისკენ გაიქცა. უფრო გამოცდილები, დარჩნენ და მდგომარეობაში გარკვევა სცადეს. ძალიან ძნელი იყო იმის დადგენა, თუ საიდან მოდიოდა აფეთქების ხმა…

დარჩენილები, შეთანხმებულად ვმუშაობდით. მიმართულებებს ვინაწილებდით და შემდეგ ერთმანეთს ვუცვლიდით მასალებს. ღამის განმავლობაში, სათაო ოფისს შვიდჯერ გადავუგორე კადრები. დილისკენ, დროებით შეწყდა აფეთქებები. გამთენიისას კი, უფრო ინტენსიურად დაიწყო: სროლა, აფეთქება, თვითმფრინავების ფრენა… ამ დროს, უკვე მარტო ჩვენი ჯგუფი იყო ადგილზე, დანარჩენები სადღაც წავიდ-წამოვიდნენ.

დაახლოებით დილის 10 საათზე, ქართული არხებიდან ახალი ჯგუფები მოვიდნენ. გამოჩნდა Russia-Today-ს მოსკოვის ჯგუფიც.

12 საათზე, ცენტრალურ გზაზე ქართული ტანკების კოლონამ ჩაიარა. ჯარისკაცებით სავეს პიკაპებიც იყო… თითქმის საზეიმო განწყობა ჰქონდათ… რატომღაც ყველა გამარჯვების ეიფორიით იყო მოცული, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობაც. თითქოს დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბრძოლა – გამარჯვებით დასრულდებოდა.

გავიგონეთ, როგორ უთხრა Russia-Today-ს ჟურნალისტმა ვიღაცას, სატელეფონო საუბრისას: “ Грузины сволочи! Что они делают!” სიტუაცია დაიძაბა – ქართული არხების ოპერატორები მზად იყვნენ ეცემათ. როგორღაც შევძელი მათი დამშვიდება.

ამ დროს, თვითმფრინავებმა გადაგვიფრინეს, ორი “შტურმავიკი” იყო. გვიან მივხვდით, რომ ჩვენს სოფლებს ბომბავენ – ჩვენი თვითმფრინავები არიყო! საზეიმო ეიფორია რამდენიმე წუთში მძიმე განწყობამ შეცვალა. ამდროს ბიგანმაც “გამიჭედა”. ყველა იქ მყოფი ჯგუფი იყენებდა ინტერნეტს და ალბათ ამიტომ. პირველი არხის თეფშით სარგებლობა მომიწია. თბილისს ვუგორებდით მასალას…

ლონდონმა პირდაპირი ჩართვა მომთხოვა, რომელიც სამი საათისთვის დავნიშნეთ… ამ დროს, დავინახეთ, რომ ცხინვალის მხრიდან დიდი სიჩქარით მოდის სატვირთო მანქანა. ღოდესაც ჩაგვიარა, ძარიდან გადმოკიდებული ადამიანების ფეხები დავინახეთ… პირველად ამ დროს გავაცნობიერეთ, რომ ომი დაიწყო… ადამიანები კვდებიან ახლა და აქ!.. ეს კადრი, ვერცერთმა გადამღებმა ჯგუფმა ვერ გადაიღო… ზედმეტად შემზარავი იყო.

ლონდონისთვის დაგეგმილ ჩართვას, ჩვენი ჯარის უკან დახევა დაემთხვა. ჯარისკაცები, რომლებიც 3 საათის წინ, აჟიტირებულები, გამარჯვების მოლოდინით გავაცილეთ, უკან წაშლილი სახეებით ბრუნდებოდნენ. მოდიოდნენ მანქანებით და ფეხით… იყვნენ დაჭრილებიც,ზოგიერთს იარაღიც აღარ ჰქონდა. იმდენად შოკის მომგვრელი სურათი იყო, რომ კადრებიმხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიდა. ვერც თბილისში და ვერც სათაო ოფისში, ჩაწერა ვერ მოახერხეს.

ჩვენმა ფოტოგრაფმა, დათო მძინარიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ გორი იბომბება. იქ მყოფ ჟურნალისტებს ვუთხარი. ნანა ინწკირველმა არდამიჯერა: “არა, არა… არ შეიძლება ეს ხდებოდეს” – იმეორებდა… ჩვენგან 150 მეტრში, საშინელი აფეთქება მოხდა… მხოლოდ ‘’სოკოს’’გადაღება მოვასწარი… ყველაზე შოკისმომგვრელი, თვითმფრინავები იყო, რომლებიც უახლოეს სოფლებს ბომბავდნენ… ამ დროს, ნინო ივანიშვილმა დამირეკა, მითხრა, რომ ჩვენმა ვლადიკავკაზელმა კოლეგამ, ინფორმაცია მიაწოდა, რომ ჩვენკენ ძალიან დიდი რუსული კოლონა მოდის. “ამხელა კოლონა ჯერ არმინა ხავსო! Там будет жарко-ო!”

ნინომ მითხრა, რომ დრო იყო თბილისში დავბრუნებულიყავი. (ჩვენსუსაფრთხოებაზე ის აგებ სპასუხს). ვუპასუხე, რომ “აქ ახლა იწყება ყველაფერი!” ასეთ ვითარებაში, ყოველთვის აჟიტირებულია ადამიანი და რაციონალურად ვერ აზროვნებს. ამიტომ, საჭიროა რომ ვინმემ “აზრზე მოიყვანოს”… ეს ნინოს ევალება. ამიტომ გამიმეორა, რომ დაბრუნების დრო იყო…

მეორე დღეს, დაბადების დღე მქონდა და შვებულება მეწყებოდა… მივხვდი, რომ აღარც ერთი იქნებოდა და აღარც მეორე…

* * *

Изображение

შორენა ცხოვრებაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი 2008წ.)

ახლა 7 აგვისტოა, ოღონდ 2010 წელი. უკვე ღამის თორმეტის ნახევარია. ორი წელი გავიდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ზუსტად 2 წლის წინ 7 აგვისტოს ნენე ზღვაზე პირველად წავიყვანე (მას მერე არც ვყოფილვართ) რა შუაშია ახლა, უბრალოდ გამახსენდა. იმას ვამბობდი, რომ 7 აგვისტოს გურიიდან მე, სოფო, გეგე, ნენე და ანა მარია ზღვაზე წავედით, მე ქობულეთში დამტოვეს და თავად ბათუმში გაემგზავრნენ. სახლშიც ამაცილეს და შევთანხმდით, რომ 2 დღეში მე ბათუმში ჩავაკითხავდი. 1 თვის მანძილზე გადაუღებელი წვიმა იმ საღამოს შეწყდა. მე ბარგი ამოვალაგე და ნენესთან ერთად ზღვის სანაპიროზე გავისეირნე. გარეთვე ვივახშმეთ, სახლში ავედი და დაღლილობისგან ადრევე დავწექი ნენესთან ერთად დასაძინებლად.

მთელი ღამე ცუდად მეძინა, ჯერ იყო და ჩემს მასპინძლებს შუაღამისას მთვრალი ნათესავი დაადგათ და ღრიალებდა, მერე ოჯახის უფროსს, რომელსაც გვერდით ოთახში ეძინა — აშკარად კუჭ-ნაწლავის პრობლემები ჰქონდა.

08.08.08. უძილო ღამის მერე მაინც ადრიანად გამეღვიძა, ქალაქი ჯერც არ შემშრალიყო ამდენხნიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ და ჩვეული ინსტინქტი ავამუშავე (რაც დღემდე მაქვს), ტელევიზორი ჩავრთე და საინფორმაციო გადაცემის ძებნა დავიწყე.

წამყვანი არ მახსოვს, არც არხი. მახსოვს, რომ: მთელი ღამის მანძილზე ბრძოლა გრძელდებოდა, ქართველებმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავეს. ტელევიზორისთვის თვალი არ მომიშორებია ისე მივწერე ქეთი ქარდავას: რა ხდება? რამდენიმე წამში მივიღე პასუხი: ახლა არ მცალია, ცოტა ხანში დაგირეკავდა ან ძალიან კარგ, ან ძალიან ცუდ ამბავს გეტყვი… ისევ რამდენიმე წამი და ახლა დედაჩემის ტელეფონის ნომერი ავკრიფე: დედა სასწრაფოდ ჩამოდი, დღესვე!!! რამდენიმე დღით სამსახურში უნდა დავბრუნდე, შენ ნენე დაიტოვე და მეც რამდენიმე დღეში დავბრუნდები. როგორი გულიბრყვილობაა…

იმ დღეს ზღვაზე აღარც გავსულვართ…

მთელი დღე ტელევიზორზე მიჯაჭვული სოფოს ვემესიჯებოდი ბათუმში. სოფოს უკვე აღარ შეეძლო, მესიჯობანა გაგრძელდა გეგესთან. შუადღისას ვიგრძენი, რომ ცოტა ხნით ტელევიზორს უნდა მოვშორებოდი, ნენე გავასეირნე, ზუსტად 15 წუთი გავჩერდით და ავედით იქვე რომელიღაც სასტუმროს ვერანდაზე. სადილი შევუკვეთე და ლიკა ხურციძის ესემესი მოდის: დაიბომბა ვაზიანის სამხედრო აეროდრომი, არის მსხვერპლი! ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად ვხდებოდი, ელენეს საჭმელი არც დავამთავრებინე და წამოვედი. ვგრძნობ, რომ ძალიან ცუდად ვარ, ვფიქრობ: კიდევ კარგი ჩემი მასპინძლის ტელეფონი ჩავიწერე, ვრეკავ და ვეუბნები: მე შორენა ვარ და ძალიან ცუდად ვარ, იქნებ გზად შემხვდეთ.

სახლში რომ ავედი ისევ ტელევიზორს მივუჯექი. მახსოვს: ომის შოკის გარდა კიდევ ერთი შოკი მივიღე, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემს მასპინძლებს საერთოდ არ აღელვებთ რა ხდება ქვეყანაში, უფრო მეტიც, დიასახლისი მეუბნება, რომ ჩემი შვილი, რომელიც რეზერვისტების ერთ-ერთი მეთაურია 3 დღეა ქეიფობს და არ სჯერა, რომ ასეთი ამბავია და რომ დარეკავს იქნებ თქვენ დაელაპარაკოთ და აუხსნათ, თქვენი მოერიდება და სმას შეწყვეტს. მახსოვს პირი გამეღო და ისე შევხედე ამ ქალს, ვეუბნები: იცით თუ სამხედრო მოსამსახურეა, მაშინ მისმა ხელმძღვანელობამ შეაწყვეტინოს სმა.

საღამოს დედაჩემი ჩამოვიდა ჩემს ძმასთან ერთად. ძლივს გამოვიდაო მარშუტკა, ხან იბომბებოდა გორი, ხან ჩერდებოდა საჰაერო იერიში, ამიტომ მძღოლმა ვეღარ გაიგო წამოსულიყო თუ არაო. ტიროდა: ზესტაფონთან ისეთი ავარია ვნახეო, დასავლეთისკენ მომავალ ტრაილერს დიდი პიკაპი დაჯახებოდა ჯარისკაცებით სავსე, ბიჭები ომში მიდიოდნენო. სულ ფერფლად იქცნენო — ჯოჯოხეთი იყო.

ტელევიზორს უკვე მატო აღარ ვუყურებდი: მე დედაჩემი და ჩემი ძმა. შუალედებში ვუბარებდი ელენესთვის რა და როგორ გაეკეთებინა, თუმცა უჩემოდაც ძალიან კარგად იცოდა, დილით მე და სოფო თბილისში ვბრუნდებოდით.

დასაძინებლად რომ გავემზადეთ უკვე გვიანი იყო, ლაპარაკს შევყევით, ნენეს უკვე ეძინა, უცებ ირეკება დედაჩემის ტელეფონი, მე ვიღებ და მესმის ჩვენი ყოფილი მეზობლის ისტერიული კივილი: შორენაააააააააა რა გინდა მანდ ახლავე ჩაალაგეთ ყველაფერი და თბილისში წამოდით! ფოთი დაბომბეეეეეს, მსხვერპლი არ ვიცი არის თუ არა. ხმა ვერ ამოვიღე. ტელეფონი გაითიშა და სინათლე ჩაქრა. ისევ ზარი, ამჯერად ჩემს ტელეფონზე, სოფო რეკავდა: ფოთი დაბომბესო… და აი დამეწყო ისტერიკა. მახსოვს, რომ გადავეფარე მძინარე ელენეს, მერე ხელში მინდოდა აყვანა და ქუჩაში გაქცევა, დედაჩემი არ მანებებდა, მახსოვს ვყვიროდი: სინათლე რატომ ჩაქრა მთელს ქობულეთშითქო, დედაჩემი მიხსნიდა, იმიტომ რომ ზემოდან არ გამოჩნდესო, მაინც ერთსა და იმავეს ვიმეორებდი და ნენეს ხელში აყვანას და სადმე სარდაფში გაქცევას ვცდილობდი (ჩვენს მასპინძლებს ტკბილად ეძინათ, იმ კაცს ისევ კუჭ-ნაწლავის პრობლემები ქონდა, მათი შვილი კი სმაში მეოთხე დღეს აბამდა) , ბოლოს რაღაცნაირად დავმშვიდდი. სინათლე მოვიდა, დამეწყო ისტერიკა #2: რატომ მოვიდა სინათლეე, კარგი სამიზნეები ვართ, დედაჩემი ისევ მამშვიდებდა, ალბათ საფრთხემ გადაიარა, მათ უკეთ იციან თავისი საქმეო… ბოლოს დავმშვიდდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მარტო არსადაც აღარ გავემგზავრებოდი — ნენე ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო!

09.08.10. ბათუმიდან მომავალ მარშუტკაში სოფომ სამი ადგილი დამიკავა, საათი არ მხასოვს ალბათ დილის 7 საათი იქნებოდა სახლიდან რომ გამოვედით. ცოტა ხანიც და უკვე თბილისისკენ მოვდიოდით. კოპიტნართან რომ ჩავიარეთ, ახალი დაბომბილიაო გადმოსცეს რადიოში. შემდეგ კარგა ხანს ფიქრობდა მძღოლი რიკოთის უღელტეხილზე გვირაბით გამოსულიყო, თუ არა, მაინც გვირაბით გამოვედით, სურამში გავჩერდით და რომელიღაც ბონძღ, მაგრამ ტელევიზორიან სასადილოში შევედით. რუსთავი 2 იყო ჩართული, 12 საათიანი კურიერი და ამ დროს ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი ოპერატორის გადაღებულ კადრებს აჩვენებდნენ: გორი იბომბებოდა!

ხაშური უკვე საპატრულო მანქანებით იყო სავსე. გზა თბილისისკენ გადაკეტილი იყო — გორი ისევ იბომბებოდა. ომის ზონიდან გამოსული მოსახლეობა, ძირითადად ქალები და ბავშვები, ხაშურის ცენტრალურ მოედანზე პირდაპირ ძირს ისხდნენ. საშინელი სიცხე იყო, მზე აჭერდა. მარშუტკის მძღოლმა იქვე ჩამოგვსვა და ახლა ბათუმისკენ მიმავალი მგზავრების მოძიება დაიწყო, საფასური კი თბილისამდე მგზავრობის გამოგვართვა, მაგრამ ამას არავინ დაეძებდა.

ჩანთები იქვე დავყარეთ დედაჩემთან და მე სოფო და ჩემი ძმა პატრულისკენ გავიქეცით. ვუთხარით, რომ ჩვენ ტელევიზიაში ვმუშაობთ და თბილისში დღესვე აუცილებლად უნდა გვეშვით. ის ცოტა ხანი ცდილობდა აეხსნა, რომ გორი ამ წუთებში იბომბებოდა, მაგრამ ბოლოს შევთანხმდით, რომ მათ რომელიმე მანქანას გაგვაყოლებდა. ისევ დედაჩემთან დავბრუნდი, და ვუთხარი, რომ პატრული გაგვიშვებდა: შენ ავად ხარ, რას აკეთებ, ბავშვი სად მიგყავს, მე არსადაც არ წამოვალ, ბავშვი ჩემთან იქნება, ბორჯომში წავალთ! ძლივს დავურეკეთ ბიძაჩემს და ვუთხარით, რომ დედაჩემისა და ნენესთვის ხაშურის ცენტრალურ მოედანზე მიეკითხა და თან სასწრაფოდ, ყველა ჩანთა დედას დავუტოვე, ჩემი დასვენებისთვის შენახული ფულიც მივაჩეჩე: მე ეს არაფერში არ მჭირდება და აბა შენ იცი საჭმელი მოიმარაგეთქო და უკან გამოვიქეცი…  გამოვიქეცი სოფოსკენ და ირაკლისკენ, შუა გზაში გავჩერდი და უკან გავიხედე. დედა და ნენე იდგნენ მზის გულზე და მიყურებდნენ, დედაჩემი ხვდებოდა, ნენე ვერა, მაგრამ ორივეს რაღაცნაირი საცოდავი სახე ჰქონდა. მივხვდი, რომ ბავშვს არც გამოვმშვიდობებივარ, მივბრუნდი, ჩავკოცნე და ისევ უკან გამოვიქეცი.

პატრულმა პირობა შეასრულა და რაღაც ჯიპს გამოგვაყოლა, რომელსაც თბილისიდან დაჭრილი ჯარისკაცი უნდა წამოეყვანა. წინ მძღოლი და ჯარისკაცის მამა ისხდნენ, უკან მე, სოფო და ჯარისკაცის დედა და სულ უკან საბარგულისავით ნაწილში ჩემი ძმა. ცარიელ მაგისტრალზე ჩვენი მანქანა საოცარი სისწრაფით მიდიოდა. მძღოლი გორის მცხოვრები აღმოჩნდა, რომელიც სამხედროებს ეხმარებოდა, მისი მეგზურები კი დაჭრილი შვილის წამოსაყვანად მიდიოდნენ. ის დღე მათთვის ძალიან ბედნიერი იყო, ბოლო 2 დღის მანძილზე არ იცოდნენ შვილი ცოცხალი ჰყავდათ თუ არა, ვერ უკავშირდებოდნენ და მხოლოდ იმ დღეს დილით დაურეკეს და უთხრეს, რომ მათი შვილი დაჭრილია და ღუდუშაურის საავადმყოფოში იწვა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. გორს რომ მივუახლოვდით მთლიანად ავკანკალდი: მივხვდი, რომ კურდღელზე უფრო მშიშარა ვარ, მძღოლმა თქვა შეხედეთ კვამლია, მგონი ვერხვების სამხედრო ბაზა დაბომბეს. გორში შევედით… ვიგრძენი, რომ ჩემი ძმა ჩამეხუტა და ტირილი ამივარდა. სოფო მაწყნარებდა, თუმცა მასაც ეშინოდა, ის ჩემზე ბევრად გაწონასწორებული და მამაცია. გორი ცარიელი იყო, ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა, მხოლოდ დიდი მანქანები დაქროდნენ, მათ დაჭრილები გადაჰყავდათ. სადაც არ მივედით ყველა გზა გადაკეტილი იყო, მძღოლი გორელი იყო და ქალაქს ხელისგულივით იცნობდა. გორიდან გამოვედით. მგონია ნელა მივდივართთქო, სოფომ მანიშნა სპიდომეტრს შეხედო — 130 იყო; საკუთარი თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე ხაშურში დარჩენილი დედა და ნენე გამახსენდა, ვერ დავრეკე, არ ირეკებოდა, ჩემი ქსელი გაითიშა. სოფოსაც იგივე ჰქონდა, მძღოლმა შემომთავაზა თავისი ტელეფონი — სხვა ქსელი, საკმაო ხანს ვიწვალე, მაგრამ ბოლოს მაინც გავედი, დედაჩემი უკვე ბორჯომში შედიოდა. ბიძაჩემმა ძალიან სწრაფად ჩააკითხა. დავმშვიდდი. თბილისთან ახლოს ჩემი ტელეფონი ჩაირთო და უამრავი ესემესი მოვიდა შემოსული ზარების. ლიკა ხურციძე რეკავდა: თქვენზე ძალიან ვნერვიულობ და სად ხართო.

თბილისში რომ ჩავედით, ჩვენს თანამგზავრებს მშვიდობა და შვილის გამოჯანმრთელება ვუსურვეთ და ტაქსი გავაჩერეთ. სოფოს რაღაც ჩანთა ჰქონდა მგონი: მე სახლში გავივლიო, დავტოვებ და ეგრევე მოვალ ტელევიზიაშიო, ირაკლი სახლთან ჩამოვიდა მე ტელევიზიაში ავედი.

სრული ქაოსი დამხვდა. აქედან უკვე ალაგ-ალაგ მახსოვს, უფრო სწორად ყველაფერი მახსოვს, ოღონდ არეულად. ჯერ «კურილკაში» შევედი და ბავშვები ახალ ამბებს მიყვებოდნენ. ხო ის დამავიწყდა მეთქვა, რომ საოცარ ფორმაში ვიყავი — ზღვის ფორმაში.

სოფოც მოვიდა და ნელ-ნელა ჩავერთე საქმეში. მახსოვს გია ჭანტურიასთან დავიძაბე, სოფო მაწყნარებდა ახლა ჩხუბის დრო არ არისო, ჭანტურიაც მიხვდა და ბოდიშის მოხდის შემდეგ «შევრიგდით». გამთენიისას წავედით სახლში, მე სოფოსთან დავრჩი. ბენო სვანეთში იყო და მეორე დღეს ჩამოდიოდა, ჩემი ძმა მოხალისეებში ეწერებოდა და იმ საღამოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ეხმარებოდა მის მეგობარს, მამაჩემი გავაფრთხილე არ მოვალთქო.

10.08.10. ალბათ სულ 2 საათი გვეძინა. 7 იყო მე და სოფო ტელევიზიაში რომ მივედით. არეულად მახსოვს უკვე — მოამბე უწყვეტ რეჟიმში… საღამოს პარლამენტის წევრები მოვიდნენ, საუბარი შეეხებოდა იმას, რომ ქვეყნისთვის სახიფათო ინფორმაცია არ გასულიყო ეთერში, ჯარის გადაადგილება (ეს ხომ ისედაც ვიცოდით) და ასე შემდეგ. ბოლოს ირმა გეგეჭკორმა დასვა კითხვა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით: ზემო აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება ხომ არ არისო? არაო — ვაკონტროლებთ ყველაფერსო — იყო პასუხი…

11.08.10. დილით რუსებმა ზემო აფხაზეთი დაიკავეს. მანამდე კი, მე სოფოსთან აღარ დავრჩი, ბენო ძლივს-ძლივს ჩამოვიდა და ვუთხარი დღეს სახლში წავალთქო. ნახევარი საათის მისული ვიყავი, რომ მახათას მთასთან ჩამოვარდა ბომბი. არაფერი გამიგია, სახლში მისვლიდან 5 წუთში მკვდარივით ჩამეძინა . ტელეფონის ზარმა გამაღვიძა — სოფო რეკავდა. ბენო ფანჯარასთან იდგა და იყურებოდა. რა მოხდა? აქ ჩამოვარდა სადღაც. სოფო ძალიან შეშინებული იყო; რაღა იმ ღამეს არ დავრჩი მასთან, მეც მაგრად შევშინდებოდი, მაგრამ ერთად მაინც ვიქნებოდით. ხო… დილით ზემო აფხაზეთი დავკარგეთ. საღამოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოგვიწოდა მოსახლეობას: მტერს თუ დავინახავდით ნებისმიერი საშუალებით გაგვეწია წინააღმდეგობა.

მე სოფოსთან ვრჩებოდი, ღამე ალბათ მხოლოდ 1,5-2 საათი თუ გვეძინა. ძილის წინ რატომღაც ისტერიკა გვეწყებოდა სიცილის სახით — კონკრეტულად არაფერზე, უბრალოდ ვიცინოდით — გავაფრინეთ.

რიცხვები და მოვლენების თანმიმდევრობა ამერია. ახლა უბრალოდ გავიხსნებ: თამუნა ურუშაძე რომ დაჭრეს, რამდენიმე წამით კადრიდან გაქრა და ეს საუკუნედ მომეჩვენა — საშინელი შეგრძნება იყო, ბორჯომის ხეობა იწვოდა, დედაჩემი მირეკავდა: ფანჯარას ვერ ვაღებთ ისეთი ბუღი დგასო, მე ნინო თარგამაძის ოთახში გავრბოდი და ვტიროდი, გორიდან ევაკუაცია დაიწყო, ვახო ჩართვიდან გაგვექცა, მერე ისევ მობრუნდა, ჩემი ძმა გორის საავადმყოფოში იყო და დაჭრილების გადმოყვანაში ეხმარებოდა, ევაკუაციის დროს ვერაფრით ვერ დავუკავშირდი, ტელეფონს არ პასუხობდა, მე ვტიროდი, მის ნომერზე ყველა რეკავდა, ბოლოს თეიკო ანჯაფარიძე გამოვარდა და მითხრა ახლა ველაპარაკეო, გამოსულიაო გორიდან. ომი უსასროლოდ გრძელდებოდა, ნენეზე ვფიქრობდი სულ, ლევან ყუბანეიშვილმა მითხრა, მადლობელი ვარ შენი ასეთ მდგომარეობაში რომ ხარ და მაინც რომ მუშაობო, იცოდე შენს გვერდით ვარო და როცა მეტყვი შენი შვილის გადმოყვანას მე მივხედავო — უზარმაზარი შვება ვიგრძენი, თუმცა არ მითხოვია; დედაჩემი და ნენე 15 აგვისტოს მოამბის მანქანით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ჩამოიყვანა — ამ დღეს ამ ომში მე ბედნიერი ვიყავი.

ცოტა უკან დავბრუნდები… 12 აგვისტო: 5 ქვეყნის პრეზიდენტი და იმედი, კონცერტი რუსთაველზე და ტელეფონის ზარი ტელევიზიაში, რომელიც არ ჩერდებოდა: რა გეკონცერტებათ მარადიორობაა გორის სოფლებში და ხალხს ჟლეტენო, ტელევიზიის ფოიეში მოსული დევნილები, ერთი ქალი მოვიდა ახლა ჩამოვედიო, მიშველეთო რამეო, მამაჩემს ჩემს თვალწინ დათხარეს თვალები, ალბათ ცოცხალიც აღარ არისო, ჩვენ მათთან ერთად ვტიროდით. გაფრენილი და კინაღამ მობრუნებული პრეზიდენტები.

* * *

ახლა აღარ მინდა, მერე ალბათ კიდევ გავაგრძელებ…

* * *

რა რიცხვი იყო აღარ მახსოვს, თითქმის გამთენიისას გამოვედით ტელევიზიიდან მე, სოფო და ნათია. ჯერ სოფო დავტოვეთ სახლში და მერე ნათიამ მითხრა მოდი თბილისში გავისეირნოთო — დავეთანხმე. ვორონცოვიდან ბარათაშვილის ხიდზე ავუხვიეთ  და ვიგრძენი, რომ ძალიან ცუდად ვარ: ცივმა ოფლმა დამასხა და ხელები მიბუჟდებოდა, ნათია მიხვდა: რა გჭირსო? მანქანა გამიჩერეთქო — ვუთხარი და გადავედი, ხიდის მოაჯირს დავეყრდენი და ვგრძნობდი, რომ ფეხები არ მემორჩილებოდა. მინერალური წყალი ქონდა ნათიას, გახსნა და სახე მომბანა, ცივი მესიამოვნა, მაგრამ გაზის ბუშტუკებს სახეზე რომ მიბზუოდნენ ვეღარ გავუძელი და აღარ მინდათქო; მანქანაში ისევ ჩავსხედით, ნათიამ მითხრა წნევა გექნებაო, პუშკინის აღმართზე ერთ-ერთ ცნობილ აფთიაქთან გავჩერდით, გადავედით, მე კარზე ავეყუდე, ნათიამ გამყიდველს სთხოვა — შემოგვიშვით და თუ შეიძლება წნევა გაუზომეთო: არ შეგვიშვა, უფლება არ გვაქვსო J, მაშინ მათხოვეთ წნევის აპარატი აქვე გავუზომავ წნევასო — არც წნევის აპარატი გვათხოვა, არც ამის უფლება ჰქონდა J. მაშინ პირველად ვნახე ნათიას გაბრაზება: თქვენ იცით ქვეყანაში ომია და რა შინაგანაწესზე მელაპარაკები, ადამიანი ცუდად არის წნევის აპარატს, როგორ არ მათხოვებო!!!!!!!

მანქანაში უფრო ცუდად გავხდი, მციოდა, მაკანკალებდა, ნათიამ სასწრაფოში უნდა წაგიყვანოო, შეძლებისდაგვარად შევეწინააღმდეგე, მაგრამ არ დამიჯერა, სასწრაფოს ძებნაში პატრულმა გაგვაჩერა. მანქანასთან მოვიდა თუ არა დამინახა და რა ჭირსო ნათიას ჰკითხა, ნათიამ აუხსნა, პატრულმა აღარ გაგვიშვა: ახლა სასწრაფო მხოლოდ დაჭრილებისთვის მუშაობს და მხოლოდ ჩვენს გამოძახებაზე მოვაო, აქ წინააღმდეგობის კიდევ ერთი მცდელობა მქონდა, მაგრამ სასწრაფო მაინც გამოიძახეს, ნელ-ნელა ვხედავდი, ჩვენს ირგვლივ ცნობისმოყვარე პატრულები როგორ იკრიბებოდნენ, რამდენ ხანში არ მახსოვს, მაგრამ სასწრაფო მოვიდა და დიაგნოზი დამისვა: გადაღლილობა და სტრესი და მირჩია რამდენიმე დღე სახლში დავრჩენილიყავი და კარგად გამომეძინა J, ამისათვის რაღაცა დამამშვიდებლები  გამიკეთეს, საშინლად ვიუარე, არ გაბედოთ არ დამაძინოთთქო, მაგრამ არავინ მომისმინა, მერე დამელოდნენ — როგორ გამოვკეთდებოდი. არ მახსოვს რა რიცხვი იყო, არც ის ექიმები და პატრული მახსოვს, მაგრამ არასდროს დამავიწყდება იმ სამი „ვაჟკაცის“ სახე, რომელიც სანამ სასწრაფო ჩემს გამოკეთებას ელოდებოდა, იქვე მდებარე დუქნიდან ჭიპამდე ჩახსნილი პერანგებითა და დარდიმანდული სიმღერების ღრიალით გამოვიდნენ, ალბათ სმის დროს საქართველოს სადღეგრძელო არაერთხელ დალიეს და გულზე მჯიღიც დაირტყეს! ისე გავღიზიანდი, რომ მინდოდა მივვარდნილიყავი და ალბათ მეცემა კიდეც.

უკვე გათენებული იყო ნათიამ სახლში რომ მიმიყვანა, ძილს აზრი აღარ ჰქონდა და ტელევიზიაში დავბრუნდი.

* * *

Изображение

გიორგი ცხვიტავა

2012 წელია, თითქმის 4 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. სიტყვა — ომი თავის მხრივ განმარტებებს მოითხოვს, თუმცა აქ — „მოგონებებში“ განმარტებებზე აღარ შევჩერდებით.

7 აგვისტოს საღამოს გორში ჩავედით, კითხვებზე პასუხი არავის აქვს. გორის საავადმყოფოში მივედით, გავიგეთ სისხლის ნაკლებობაა და სისხლი ჩავაბარეთ.

საავადმყოფოდან გამოვედით და ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავიძრათ ცხინვალის მიმართულებით. მივალთ ბოლო წერტილამდე, სადამდეც შეგვეძლება. მანქანაში ოპერატორი და  ჟურნალისტი მყავს. გავიარეთ რამდენიმე სოფელი და მივადექით მეღვრეკისს. იქ რუსული საგუშაგოა. ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტილი აქვთ და პრინციპში ბოლო პუნქტია. უნდა გავჩერდეთ. საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს ავტობუსების ძველი გაჩერებაა, ბეტონით გადახურული. ღამით უფრო სიღრმეში გადაადგილებას აზრი არ აქვს, ვერც ვერაფერს გადავიღებთ და რაც ყველაზე მთავარია უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჯგუფის წევრები უსაფრთხოდ მყავდეს, თუმცა ომია…

როიტერის საქართველოს ბიუროს ჯგუფი დამხვდა. ისინი პირველები არიან და გამიხარდა, რომ გადაწყვეტილებაში არ შევცდი. ისინიც გაჩერებაზე არიან და ტელეფონით ცდილობენ რაიმე სიახლე შეიტყონ. მოგვიანებით საზოგადოებრივის ჯგუფი შემოგვემატა, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველა დანარჩენი, ქართული და უცხოური არხებისა და სააგენტოების ჯგუფები.

მთელი ღამის განმავლობაში სროლები ისმოდა, როგორც მძიმე, ასევე მსუბუქი შეიარაღებიდან. ზალპული ცეცხლის კადრებიც ყველას ქონდა.

კითხვები მქონდა ბევრი, მათ შორის რუსული საგუშაგოს იქ ყოფნასთან დაკავირებითაც….

8-ში დილით რუსების საგუშაგოს მოპირდაპირედ უზარმაზარი მედია ჯგუფი იყო მობილიზებული. გორში ფაქტიურად არავინ დარჩენილა.

უცხოელები ყოველთვის განსხვავდებოდნენ ჩვენგან. არამხოლოდ პროფესიონალიზმით, — ეკიპირებითაც. ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები პრესის აღმნიშვნელი ნიშნებით, სატელიტური ტელეფონები და ა.შ. ომში ეს თავიც მუდმივ აღნიშნვნას იმსახურებს.

8 აგვისტო გათენდა. ვიცი, რომ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთია ჩართული, სხვაგვარად ვერ იქნება, ბოლო ოცი წელი ყველა მცირე ინტენსივობის მოქმედებაშიც კი რუსეთი იყო ჩართული. თუმცა ამ თემაზე 8-ში ყველა დუმს, მაგრამ ჩემებს ვეუბნები, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. შვებულებიდან გამოვიძახეთ დამატებითი ჯგუფები. 9 კაციანი ჯგუფი ვართ მემონტაჟეებთან ერთად. ცხადია მემონტაჟეები თბილისიდან არ გაგვყავს. ერთი ჟურნალისტი უმცროსი (ჯუნიორს ვეძახით) გვყავს, ვერ გავუშვებთ წინა ხაზზე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და საქმე გადავინაწილეთ. თბილისში ერთი ჯგუფი დარჩა, რომელიც მასალებს აგროვებს და ახარისხებს, მეორე ჯგუფი წინ ვართ და მესამე ჯგუფი გვენაცვლება. კიდევ რამდენიმე დეტალი, რომელსაც ჯერ აღარ დავწერ.

8 აგვისტოა. დილა. წინ წასვლას აზრი არ აქვს, მხედველობის ზონა შეზღუდულია. იმაზე მეტ მასალას ვერ მოიტან, რაც ისედაც ადგილიდან გაუსვლელად შეგიძლია გადაიღო.

ავიაცია გამოჩნდა, ჯერ ჩვენი…. მერე კი რუსეთის. გამახსენდა ვინც აკონტროლებს ცას …….

ძალიან რთულია. რთულია, რომ შენს ქვეყანაშია ომი. ცუდია შენს ქვეყანაში ომი. ოჯახს მოწყვეტილი ვარ. თორნიკე ძალიან პატარაა. დაჩი შედარებით დიდი. მეცინება, — რას ნიშნავს დიდი და პატარა. დაჩი ოთხის და თორნიკე ჩვილი. ბორჯომის ხეობაშიც იგრძნობა უკვე ომის სუნი. ნინო მირეკავს და მეუბნება, რომ ხალხმა მაღაზიები იყიდეს გამყიდველებთან ერთადო, მეცინება, მაგრამ ვიცი ეგრეც იქნება.

ჩვენებს შევხდვი — ჩვენს ჯარისკაცებს. უამრავი მეგობარი და ნაცნობი მყავს, შევედით სიღრმეში გარკვეულ წერტილამდე, რაღაც დროის შემდეგ გამოვედით….

სადღაც ერგნეთთან 06 მარკის ავტომანქანით საშუალო ასაკის კაცი შემოგვხვდა, არც სახელი მახსოვს მისი და არც გვარი, მაგრამ მახსოვს, როგორ მიდიოდა ცხინვალში ძმის მოსაძებნად.

ბავშვი, რომელიც სოფელ ვანათში მიდიოდა მარტოდ მარტო. ვეხვეწე დაეცადა, მაგრამ არ დაიშალა, დავარეკინე, ვიღაცას ესაუბრა და ცოტა დავმშვიდდი.

გორში დავბრუნდი, რიცხვები არეული მაქვს. სადღაც ჰოსპიტალთან ჩვენი მეგობარი და კოლეგა ალექსანდრე ელისაშვილი შემხვდა. ფორმაში და იარაღით. რეზერვში იყო. მარტო იყო და რომელიმე ქვედანაყოფზე მიმაგრებას ცდილობდა. პატრონი არავინ იყო. სამხედრო პოლიციის ბიჭებთან მივიყვანე და უკან გავბრუნდი.

ტყვიავში სამედიცინო პუნქტი იყო, სადაც შევვენეთ, გვშიოდა. სისხლიანი ბინტები და რამდენიმე კიდურიც იქვე ეყარა. როგორც ჩანს ექიმები სასწრაფოდ გაიყვანეს. ჩვენ ტერიტორიაზე ჩამოვჯექით.

რიცხვები ისევ ამერია.

უკრაინელები ჩამოვიდნენ. საერთო მეგობარმა ჩემი ნომერი მისცა. დამირეკეს. დავყვები, ვეხმარები. შემდეგ ხორვატები ჩამოვიდნენ. მაგარი ხალხი. ხორვატიის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, ყველაფერი გადაიღეს. კარგად ვიმუშავეთ და თვითონაც კმაყოფილები დარჩნენ. დღემდე გვაქვს მიმოწერა.

რამდენიმე თვეში, ჩვენმა მეგობარმა მთხოვა იქნებ შევიკრიბოთო, ომზე კითხვები დაგვისვა რაღაცეები. რომ გამოვედით, ზვიადი მეუბნება თხელიძე, ომის თემაზე ჩვენშიც არ ვსაუბრობთო და მართალი იყო. ყველანი იქ ვიყავით, შალვა შენგელი, ზვიად თხელიძე, გიორგი მანჯავიძე, გიორგი სიგუა და ბიჭები, მაგრამ ერთმანეთში არ ვსაუბრობდით…..

***

Изображение

მარიკა ბაკურაძე  ტელეკომპანია იმედი

სამშობიაროში კონსულტაციაზე მივედი და ექიმმა რამდენიმე დღეში დაველოდებითო..

იმ რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო.

ჩემი მეგობრები — ძირითადად ჟურნალისტები ან გადაღებაზე იყვნენ და ცხელი წერტილიდან ერთვებოდნენ, ან იარაღით ხელში წავიდნენ და დაიბარეს არ დარეკოთო..

თბილისიდან სიტუაცია სხვანაირი ჩანდა.

ზოგი მეგობარი საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ქუჩაში იდგა და STOP RUSSIA-ს იძახდა, ან სარკოზს დახვდა რუსთაველზე.

ალბათ ვერავინ იტყვის რომელი უფრო დიდი გმირობაა — ბომდამშენის ქვეშ რეპორტაჟის კეთება, ჯარში დგომა თუ მორალური მხარდაჭერა.. ფაქტია რომ ყველა ერთმანეთზე უარეს დღეში იყო.. მე კი უმოქმედოდ მხოლოდ ტელევიზორს შევყურებდი.

მაგრამ რა ვიცი, იმასაც ამბობენ ბავშვის გაჩენაც გმირობააო, ასეა თუ ისე მე აგვისტოს 20-ში ვიმშობიარე.

ახლა ჩემი კოლეგები ამაყები არიან — ომი გამოიარეს. და მართალიცაა.  მათი «სთენდ აფები’ მე-4 წელია აქტუალობას არ კარგავს. მეც მინდოდა მათ გვერდით ვყოფილიყავი.

ჩემი ბიძაშვილიც ამაყია — რეზერვით წავიდა..

მე 3 წლის ნუციკოთი ვარ ამაყი.

ფაქტია რომ იმ ზაფხულს ყველამ ერთი რამ გამოვიარეთ, მაგრამ ისე როგროც ყველაფერი,ნელ-ნელა წლებმა ეს მდგომარეობაც ჩვეულებრივად აქცია. კი, განვიცდით და არ ვეგუებით მაგრამ ფაქტია რომ ყოველ დღე ამაზე აღარ ვფიქრობთ…

ამ რამდენიმე დღის წინ კი დრომ, და მოვლენებმა მეც მიმიყვანა იმ ადგილას, სადაც მაშინ ბომბებს ყრიდნენ..

სამსახურიდან ერგნეთში გამიშვეს, ერთი შეხედვით უსაფრთხო გადაღებაზე.

მე და ჩემი ოპერატორი ჩემი მანქანით წავედით..

ქალაქში სულ იმას ვჩივით რომ ამდენი ხმაურის და რეჟიმის გაძლება აღარ გვაქვს.

ამ მხრივ ერგნეთი სამოთხესავითაა, იქ სიმშვიდეა, არავინ შეგაწუხებს, ღამითაც მშვიდად დაიძინებ, მაგრამ ეს სიმშვიდე არ იყო..

ერთი ღამით დავრჩი ერგნეთში

ნახევრად დაცლილ სოფელში მეზობლის არსებობას ვერ იგრძნობ.

რა მეზობელი — გვერდით მხოლოდ დამწვარი სახლებია.

კარს თუ გინდა ნურც ჩაკეტავ, ან რა აზრი აქვს — მომსვლელი არავინაა, ან ისეთი მოვა რომელსაც კარი ვერც შეაკავებს.

იქ სხვანაირი სიჩუმეა — აუტანელი.

სიცოცხლის ხმა არ ისმის, არც ძაღლის ყეფა, არათუ ადამიანის.

ერგნეთში დღეები ძირითადად ერთნაირია..

ამბები — სხვადასხვანაირი.

როცა 73 წლის ზაური და მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ სოფლიდან წავიდნენ  ემოციებმა იმძლავრა. 2008 წლის მერე არ დაუტოვებიათ ერგნეთი, მაგრამ წელს მიხვდნენ რომ იქ ზამთარს ვეღარ გადაიტანდნენ.

კედლებს კოცნიდნენ წასვლის დროსო.. მე არ მინახავს, მაგრამ დავიჯერე.

5 წლის გიორგი სოფელში ძირითადად სამხედროებს ხვდება.

როცა ჩაივლიან ეკითხება

— ოსო ხარ?

პასუხი: არა

— რუსი ხარ?

პასუხი: არა

— ქართველი ხარ?

პასუხი: კი

— აუ ავტომატზე ხელი მომაკიდებინე რაა…

ლია ჩლაჩიძე ომიდან რამდენიმე დღეში შევიდა სოფელში. სახლი რა თქმა უნდა არ დახვდა, უფრო მეტად სხვა რამემ იმოქმედა. ხეხილის ბაღს ის მთელი ცხოვრება უვლიდა. აგვისტოში ყველა ხილი კარგად დამწიფებული იყო, მაგრამ ეზოში შესულს უკვე შემწვარი დახვდა. ცეცხლისგან.

მას მერე ცხოვრება სხვანაირი გახდა.

მეორედ ასეთი შეგრძნება მაშინ განმეორდა როცა ზურგს უკან ხმაური გაგიო და მიხვდა რომ ვეღარ გადარჩებოდა. თუმცა ზურგს უკან მისი ძაღლი აღმოჩნდა, რომელიც სიხარულით მხრებზე შეახტა..

იმის მერე ქ-ნი ლია ნათესავის ერთ ოთახში ცხოვრობს, იქვე, საზღვდინად 50 ნაბიჯში.

ერგნეთში გადაღებაზე ვიყავი წასული.

ღამოთ ოპერატორს სიგარეტი მოუნდა და მოშორებით  ერთი მეზობელი ვიპოვეთ. გვიანი იყო მაგრამ არც ისე. კარზე მიუკაკუნა «ერთ ღერი გექნებაო».  ბავშვები ავტომატურად — თითქოს ასეთი წესიაო მაგიდის ქვეშ შეძვრნენ. აღოჩნდა რომ მყველა ხმაურზე და გასროლაზე ასეთი რეაქცია აქვთ.

ერგნეთელები ამბობნ, რომ მათთვის ომი 91-ში დაიწყო, და 20 წელია ასე არიან.

უკვე შევეჩვიეთო.

მე ჯერ ვერ შევეჩვიე იმ სურათს რაც იქ დამხვდა, და დავტოვე: გზადაგზა დატოვებულ გაზქურას და ჭურჭელს იქ ჩვეულებრივ ათოვდა…

***

Изображение

სოფო კვინტრაძე, ‘მოამბის’ მთავარი პროდიუსერი, 2008წ.

7 აგვისტოს ბათუმში ჩავედი, ჩემი ნანატრი შვებულების გასატარებლად. თან ჩემი 2 წლის შვილი ანა მარია და გეგე მახლდა, ჩემი ქმარი. ჩვენთან ერთად ზღვაზე ჩემი მეგობარი და კოლეგა შორენა ცხოვრებაშვილიც მოდიოდა, თავის პატარა ნენესთან ერთად. მანამდე რამდენიმე დღე გურიაში ვიყავით, ჩემს სოფელში. ბათუმში რომ მივდიოდით, მთელი გზა ტელეფონი რეკავდა, ხან მე, ხან შორენა, ხან გეგე ვიგებდით ახალ ამბებს, რომ ცხინვალში სიტუაცია დაიძაბა. თუმცა ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ომი დაწყებულიყო. ბათუმში ერთი ღამე გავათენეთ, მეორე დღეს ისევ თბილისში დავბრუნდით, ძალიან ცუდად ვიყავი, ჯერ იმის გამო რაც ხდებოდა(ბოლომდე მაინც ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჩემს ქვეყანაში ომი დაიწყო) და თანაც ანა მარია დედაჩემთან დავტოვე და ბავშვმა მთელი დღე ტირილში გაატარა, ისე განიცადა ჩემი მოულოდნელი წამოსვლა. მთელი გზა სამარშუტო ტაქსიში რადიოს ახალ ამბებს ვუსმენდით, სურამში მანქანა რამდენიმე წუთით გაგვიჩერეს, მახსოვს 12 საათი იყო, ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვება მიდიოდა, ეკრანზე დაბომბილი გორის კადრებს აჩვენებდნენ. ალბათ შოკური მდგომარეობა ხელს მიშლიდა ყველაფერი გამეანალიზებინა. მე და შორენას ერთი სული გვქონდა როდის ჩამოვიდოთ თბილისში და ტელევიზიაში მივიდოდით, მაგრამ სამარშუტომ მხოლოდ ხაშურამდე ჩაგვიყვანა, იქიდან გზა გადაკეტილი იყო. ძალიან ბევრი გაოგნებული ადამიანი ცდილობდა თბილისში ჩაღწევას. ჩვენ საპატრულო პოლიციას ვთხოვეთ დახმარება, მართლაც მათ გააჩერეს ჯიპი,რომელიც თბილისში მიდიოდა და ჩაგვსვეს. ჩვენი მძღოლი გორელი აღმოჩნდა, მისი ორი მგზავრი კი მშობლები, რომლებიც ცხინვალში დაჭრილი შვილის სანახავად მიდიოდნენ თბილისში. დედა ჩუმ-ჩუმად ცრემლებს იწმენდდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რომ მისი შვილი ცოცხალი გადარჩა. ძალიან ძნელი იყო იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა. თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მეგონა. ჩვენი მძღოლი ძალიან სწრაფად ატარებდა მანქანას, როცა გორს მივუახლოვდით, შესასვლელთან ჯარისკაცები იდგნენ, რომლებმაც გაგვაფრთხილეს, რომ ქალაქი სწრაფად გაგვევლო. მძღოლმა სიჩქარეს უმატა, ჩვენ ფანჯრებს ვიყავით მიკრულები და ვათვალიერებდით ქალაქს, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დაბომბეს, აქა-იქ შენობებიდან შავი კვამლი ამოდიოდა, ქუჩები ძირითად ცარიელი იყო, თუმცა მაინც ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც დიდი ჩანთებით, ბავშვებზე ხელჩაკიდებულები გარბოდნენ. ეს მართლაც ჰგავდა კინოს, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ჩვენი აგვისტოს ომი.

ყველაზე მძიმედ ის დღე მახსოვს, როცა ‘როიტერით’ ცხინვალის კადრები მოვიდა. მახსოვს ნანა ბარამიძემ, საერთაშორისო ახალი ამბების მიმომხილველმა დამიძახა, მოდი რაღაც უნდა გაჩვენოო. წავედით სამონტაჟოში და კასეტა ვიდეომაგნიტოფონში ჩავდეთ. ვუყურებ გადამწვარ, გავერანებულ ცხინვალს, სადაც ქუჩები სავსეა მკვდარი ქართველი ჯარისკაცებით. მათი სახეები გარკვევით ჩანს,  ოპერატორს მონდომებით უმუშავია, ‘ნაეზდს’ აკეთებს მათ მკერდზე, სამხედრო ფორმაზე საქართველოს პატარა დროშის გვერდზე  გარკვევით იკითხება გვარები.  შოკში ჩავვარდი, ვუყურებდი ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ცხინვალში დაიღუპნენ და ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, ნუთუ მათ დამარხვაც არ ეღირსებათ?! ძალიან ცუდად გავხდი, ვიცი რომ იმავეს განიცდიდნენ ჩემი კოლეგებიც, რომლებაც ჩემთან ერთად ნახეს ეს ვიდეო კადრები. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, გამეშვა თუ არა ეს კადრები ეთერში. საინფორმაციო თითქმის უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, შემეძლო კასეტა მაშინვე საეთეროში შემეტანა და მთელი საქართველო ნახავდა ამ შოკისმომგვრელ კადრებს. გადაწყვეტილება ძალიან მალე მივიღე — ამ მასალას ეთერში არ მივცემთ. მხოლოდ ერთი არგუმენტი მქონდა ამის გასამართლებლად, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს თავისუფლად შეეძლოთ მათი შვილები, ძმები თუ მეუღლეები სახეზე ეცნოთ,  ისინი მათი სიკვდილის შესახებ ‘მოამბის’ პირდაპირი ეთერიდან შეიტყობდნენ. ეს ჩემთვის ყველანაირ მორალს და ეთიკას ეწინააღმდეგებოდა. მთელი დღე ცუდად ვიყავი, მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს დავურეკე და ვუთხარი ამ ვიდეომასალის შესახებ, ეს კადრები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბევრი დაღუპული სამხედროს იდენტიფიკაციას მოახდენდნენ.

კიდევ უფრო მძიმე იყო ტყვედ ჩავარდნილი ქართველი ჯარისკაცების კადრების ნახვა.  ეს ვიდეომასალაც ‘როიტერის’ მეშვეობით მოვიდა. ჯარისკაცი სახელსა და გვარს ამბობდა, ის იზოლატორში შეჰყავდათ და რუსულად ელაპარაკებოდნენ. ცუდად არ ექცეოდნენ, მაგრამ გასაგები იყო რატომაც — მათ უცხოელი ჟურნალისტი უღებდათ. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები. არც ეს მალასა გადაგვიცია ეთერში. მთელი დღე პარალიზებული ვიყავი, დავდიოდი და ჩემთვის ჩუმად ვტიროდი, თავში საშინელი აზრები მიტრიალებდა, რას უზამდნენ იმ ქართველ ტყვეს? იქნებ უკვე აღარც არის ცოცხალი. რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ტყვეთა გაცვლის პროცესი დაიწყო, ჩვენი ჟურნალისტები გორის მისადგომებთან მორიგეობდნენ. სწორედ იქ ხდებოდა ტყვეების გადმოცემა. როცა პირველი კადრები მივიღეთ, გათავისუფლებულებს შორის მე  ის ჯარისკაცი ვიცანი. არ ვიცი იმ მომენტში ასე ძალიან თუ  გამახარებდა რაიმე, ძალიან ბედნიერი ვიყავი!

არანორმალურ რეჟიმში ვმუშაობდით. მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, იმდენად სტრესული სიტუაცია იყო, რაღაცეების გაანალიზების დრო არ გვქონდა. ყველანი დილის 9 საათიდან სამსახურში ვიყავით (დილის ჯგუფი  მთელი ღამე მორიგეობდა) და სახლში ვბრუნდებოდით ღამის 3-ზე ან 4 საათზე. შინ წასვლის დრო განსაზღვრული არ იყო, მაგრამ არავინ წუწუნებდა დავიღალეო. რა თქმა უდნა, დასვენების დღეზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ალბათ რომც გეთხოვა რომელიმე ჟურნალისტისთვის, სახლში არ დარჩებოდა. ვცდილობდით ცხელ წერტილებში ბიჭები გაგვეშვა, მაგრამ გოგოები ძალიან აქტიურობდნენ. განსაკუთრებით თამუნა ურუშაძე და სოფო მდინარაძე, ყოველ დილით მთხოვდნენ, რომ გორის მისადგომებთან გამეშვა, იქ სადაც რუსული ჯარი იდგა.  თამუნა ურუშაძის ისტორია ყველამ იცის და ალბათ ამას თვითონ უკეთ მოყვება. უბარლოდ მინდა გავიხსენო ის წამი, როცა თამუნას ჩართვის დროს პირდაპირ ეთერში  სროლის ხმა გაისმა და ჟურნალისტი კადრიდან გაქრა. ეს ალბათ სულ რაღაც 2-3 წამს გაგრძელდა, მე ტელევიზორთან ვიდექი და გულში ვევედრებოდი , თამუნა ოღონდ ახლა ადექი და დაგვენახე, რომ ცოცხალი ხარ! საბედნიეროდ თამუნა გადარჩა, ის მკლავში დაიჭრა, პირდაპირი ეთერი გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ ხელი აუტანლად სტკიოდა (ეს მოგვიანებით მითხრა) და ბუნებრივია, რომ შოკში იყო მომხდარის გამო. რამდენიმე დღის შემდეგ  სოფო მდინარაძის ხვეწნა-მუდარამაც გაჭრა და თანაც ძალიან გაუმართლა, ის ნამდვილად ისტორიულ დღეს იმყოფებოდა ცხელ წერტილში. 21 აგვისტოს როცა რუსლმა ჯარმა დატოვა იგოეთის ტერიტორია, სწორედ სოფო მდინარაძე ერთვებოდა ამ ამბით ‘მოამბის’ პირდაპირ ეთერში.

ხშირად ვფიქრობ ერთ რამეს. რა თქმა უნდა, ომი ყველაზე დიდი ბოროტებაა ამქვეყნად, მას უდიდესი უბედურება და ტკივილი მოაქვს ადამიანებისთვის, მაგრამ თუ შეიძლება ვინმემ სარგებელი ნახოს ამ ომისგან, ეს ჟურნალისტია, ცხადია ის ჟურნალისტი, ვისაც გაუმართლა და გადარჩა. შევეცდები ავხსნა რასაც ვგულისხმობ. ყველა იმ ჟურნალისტს და ოპერატორს  პატივს მივაგებ, ვინც აგვისტოს ომში ან ნებისმიერი სხვა საომარი მოქმედების დროს დაიღუპა.  ჟურნალისთვის უდედესი სკოლაა ომის დროს მუშაობა და საომარი მოქმედებების გაშუქება, მით უმტეს თუ ეს ომი შენს ქვეყანაში ხდება. ამ დროს  ბეწვის ხიდზე გადიხარ,  სუბიექტური ხარ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ობიექტური უნდა იყო, როგორც ჟურნალისტი. ეს ყველაფერი კი ფასდაუდებელ გამოცდილებას გძენს, რომელსაც ვერასოდეს შეიძენდი შენს ქვეყანაში ომი რომ არ ყოფილიყო.  ამიტომ ვთქვი ზემოთ, მეც და ყველა ჩემს კოლეგას, ვინც 2008 წელს პირველი არხის საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა, გაგვიმართლა. ჩვენ გადავრჩით მრავალი სახიფათო მომენტების მიუხედავად, ბეწვის ხიდზე გავიარეთ და უდიდესი გამოცდილება მივიღეთ, როგორც ჟურნალისტებმა.

***

Изображение

თეიკო ანჯაფარიძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი 2008 წ.)

კლასობანა

აგვისტოს პირველი დღეები. შვებულებამდე დარჩენილი წუთები. მუშაობა ბოლო ამოსუნთქვამდე — ბოლო ამოსუნთქვით. ყველაზე რთული 2008 წელი და ერთადერთი სურვილი, ეს წელი რამენაირად გადამეგორებინა. მინდოდა დღეებთან ერთად  ყველაზე  ცუდი მოგონებაც გამქრალიყო. 2008 წლის ერთადერთი ნათელი წერტილი, კუთვნილი 14 დღე და შვებულება იყო. რა კარგად ჟღერს.შიშინა ბგერა და ასოთა წყობაც მომწონს, საოცრად ნოსტალგიური განწყობა მაქვს: მიყვარს ზაფხულის მოლოდინი, სამ თვეში გაზრდილი ადამინების ნახვა, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილი და გამოსასწორებელი ნიშნების გამოსწორების იმედი.

ალგებრა, გეომეტრია და ფიზიკა დღემდე არ მიტაცებს. ფიზიკის კანონებმა დიდობაში უფრო დამაინტერესა. მაინტერესებს და მაინც ვერ ვხვდები როგორ ხდება, რომ ამ სამყაროში უკვალოდ არაფერი ქრება:  არც ბგერა, არც განცდა, არც ერთი მოძრაობა. უკვე წლებია ერთი ჩვევა ჩამომიყალიბდა: მოლოდინის ტკბილი წუთების გახანგრძლივება უფრო მიყვარს, ვიდრე რეალობად ქცეული ოცნება.

აგვისტო,2008 

ისე, ძალიან მიყვარს ეს თვე, მაშინ ზუსტად რვა წელი იყო გასული , რაც დედა გავხდი და ამაზე კარგი ,,წოდება ,, ცხოვრებაში არ მიტარებია. იმ დილას საკმაოდ გრილოდა. მიყვარს ზაფხულში თბილად ჩაცმა. მახსოვს, როგორ ამოვიღე  ცალკე ჩაწყობილი ზამთრის ტანსაცმელიდან კრემისფერი ჟაკეტი. არც ცხელოდა, არც ციოდა. ჰაერში სიმძიმე იგრძნობოდა. თითქოს ცა დედამიწას ეხუტებოდა, უფრო კი ეჩხუბებოდა. ,,ნიუს –რუმში» შევედი,  კიდევ უფრო დამძიმებული გარემო დამხვდა. ამ გრძნობას ალბათ  გაურკვევლობა ჰქვია. ჯერ ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა. ის რაც გუშინ მნიშვნელოვანი იყო, დღეს უმნიშვნელო და სასაცილო გახდა. თითქოსცხოვრება გაჩერდა და უჩვენოდ გრძელდებოდა.

პირველი გადაღება ვაკის პარკთან ჩაიშალა. ისევ ვერაფერს ვხვდებოდი, უფრო  ვერ ვიჯერებდი. რეალობა ვერ გავაცნობიერე მაშინაც, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან პირველ კომენტარებს ვწერდი და დღის 4 საათზე მათ აღშფოთებასა და შეშფოთებაზე პირდაპირ ეთერში ვსაუბრობდი. უფრო გვიან, როცა ჩემმა კრემისფერმა ჟაკეტმა უკვე ზომაზე მეტად შემაწუხა რამდენიმე დასკვნა გავაკეთე:

1 .  დიდი პოლიტიკას ,,პატარა» ადამიანები ,,აკეთებენ»
2.   ყველაზე სამართლიან ბრძოლაშიც გამარჯვებული არავინაა

მერე კი წავიდა. რიცხვები ერთმანეთში მერევე, მაგრამ არ მავიწყდება ის შეგრძნებები, სიჩუმის ხმაური, კოლეგების თვალები, სატელეფონო ზარები. ამ გადასახედიდიან იმას ვაკეთებდით, რაც გვევალებოდა —  ჩვენ ჟურნალისტები ვართ! სამწუხაროა, რომ ძალიან ადვილია ჩვენი განსჯა და მოდურია ჩვენი გალანძღვა. იყო პროფსიული აზარტიც. 24 საათიანი მაუწყებლობა ცხელი წერტილიდან, ექსპერტები, სტუმრები, პირდაპირი ჩართვები. იყო ცხოვრების ხუთი დღე ნიღბის გარეშე. მახსოვს, რა ისტრეიულად გვეცინებოდა მე და ჩემ მეგობარს და კოლეგას, ნონას, როცა 1921 წლის ოკუპაციაზე სიუჟეტის მონტაჟის დროს გამოვიხედეთ და დაცარიელებული დერეფანი დაგვხვდა. არც ერთმა ისტორიკოსმა ჩაწერაზე უარი არ გვითხრა. რეპორტაჟი ასე სრულდებოდა: ბრძოლას მეომრები, ომს კი პოლიტიკოსები იგებენო! 

არ დამავიწყდება რა ხდებოდა საეთეროში ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს. მოგებული ,,ღირსების» ბრძოლა ,  ტრიბუნებზე გაშლილი ქართული დროშა და გამარჯვების ცრემლი.სულ მემახსოვრება დანაღმული ქალაქი, დაცარიელებული ქუჩები, ნანგრევებში მოყოლილი ნივთები და სათამაშოები. გადმაწვარი სოფლები, სადაც მხოლოდ ძაღლები დარჩნენ, დამწვარი ვაზი — ეს  კადრები ისტორიის სახლემძღვანელობის ფურცლებზე აღმოჩნდება. ისტორიის, რომელიც ჩვენ გამოვაირეთ და რომელიც საუკთესო გაკვეთილი გახდა. ამ გაკვეთილში აუცილებლად მოხვდება ლტოლვილთა ბანაკიც. ბანაკში, სადაც უბრალო და უსახელო გმირები დროებით გაჩერდნენ. 

***

სანამ უფროსები დიდების საქმეებს არკვევდნენ, ბავშვები კარვებთან ახლოს ერთობოდნენ: ზოგი ნაჩუქარი ველსოპედის ტარებას ცდილობდა, ზოგიც კი კლასობანას თამაშობდა. რიგის მიხედვით დახატული რიცხვები, სხეულისა და ინტუიციის მართვა – ამას ნიშნავდა ჩემთვის ეს თამაში. იქვე ჩამოვჯექი, ქალაქს სადაც დავიბადე ზევიდან გავხედე. პირველად გავაცნობიერე, როგორ მიყვარს ის, რაზეც ხმამღლა არ საუბრობენ, მაგრამ ყველაზე ღრმად გრძნობენ. კაკუნის ხმა მესმოდა, გარეთ ონკანს აყენებდნენ. ასეთი ონკანი სოფელში დღესაც გვაქვს. სოფელთან ერთად ისევ ბავშვობა მომენატრა. მომენატრა ჩემი  კლასობანა: ნაკლებად მოქნილი, მაგრამ ზუსტი მოძრაობები და ქვის სასურველ რიცხვში მოხვედრის სურვილი.

ბავშვები კლასობანას, პატარა ადამიანები კი დიდ პოლიტიკას ეთამაშებიან. ყველაფერი ტრიალებს, მაგრამ არაფერი სრულდება. ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ მენატრებოდა ჩემი შვილი, როგორ გაიარა მისმა დაბადების დღემ უჩემოდ, როგორი სევდიანი იყო იმ დღეს და ალბათ როგორ ვჭირდებოდი. ჩემს ქმარს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე. სანამ დათო მოვიდოდა ფიქრი კიდევ ბევრ რამეზე მოვასწარი. რკინის ჭრიალის ხმა ისევ მესმოდა, შორიდან კი უკვე შემოდგომის სუნი უბერავდა…

* * *

Изображение

სოფო მდინარაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი 2008 წ.)

7…8…9… აგვისტო…ცეცხლი შეწყდა… თუმცა რუსეთის ჯარი იგოეთამდე ისევ იდგა… დასასრული არ ჩანდა… მხარეებს შორის შეთანხმების შემდეგ თითქოს სიტუაცია დამშვიდდა, განიმუხტა, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა… ასე გრძელდებოდა აგვისტოს 21 რიცხვამდე.
ჩემთვისაც, როგორც ყველა ჟურნალისტისთვის ტელევიზია ერთი დიდი შტაბი გახდა… მატყობინებენ — უკვე სახლში წასვლის და რამდენიმე საათით ძილის საშუალება მოგვეცა. ღამეა, გავუყევი ნუცუბიძის გზას, ქუჩა ცარიელია, კორპუსთან არცერთი მანქანა დგას, შუქიც არავის უნთია… მე მარტო ვარ, ჩემი შვილი დედაჩემთან ერთად ბახმაროს მთებში ისვენებს. დასაძინებლად გავემზადე, მაგრამ გონებაში კადრები ტრიალებდა – შიში და ბოღმა ძილის საშუალებას არ მაძლევდა. ამ დროს ტელეფონმაც დარეკა – უფროსი მატყობინებდა, რომ დილით შვიდ საათზე იგოეთში უნდა ვყოფილიყავი – ტრასაზე, იქ სადაც, რუსი ოკუპანტები ცენტრალურ მაგისტრალს და ქალაქ გორს აკონტროლებდნენ… დავალებამ სტიმული მომცა, დაძინებასაც აზრი აღარ ქონდა… დილის ექვს საათზე მე, ჩემი ოპერატორი და მძღოლი იმ მხარეს წავედით, სადაც რუსი ოკუპანტების ბლოკ-პოსტები გველოდებოდა.

იგოეთი – გზა, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ერთმანეთს აკავშირებს. ოთხი ბლოკ-პოსტი, ტანკი, სამხედრო მანქანა და რუსი ჯარისკაცები გაყინული სახეებით… სახლებიდან და ეზოებიდან ბავშვები და ქალები იყურებიან. დაუპატიჟებელი სტუმარი და გამწყრალი მასპინძელი … შენი სახლი, სადაც თავი უცხო გარემოში გგონია…
აგვისტოს ცხელი დღის ერთ-ერთ ცხელ წერტილში რაღაც იმედიანად ვარ. იცი, რომ მიდიან, მარგამ როდის…
მხოლოდ ერთი კითხვა ამეკვიატა: როდის მიდიხართ?!

გრძნობ, რომ რაღაც ახალი უნდა მოხდეს და ამის მომსწრე შენ უნდა იყო… მახსოვს მთელი დღის, უშედეგო ლოდინის შემდეგ მოსასვენებლად იქვე, გზაზე დავჯექი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემი ოპერატორის ხმა გავიგე: სოფო, მიდიან… საკუთარი თვალით ხედავ უცნაურ გადაადგილებებს, ჯარისკაცების ჩანაცვლებას, ზოგის ცხინვალის მიმართულებით გაწვევას. ჩემს თვალწინ უცებ იშლება რამდენიმე კადრი და ვერ ვხვდები რომელია მნიშვნელოვანი… უწესრიგო რუსული სამხედრო დისციპლინა – ჯარისკაცების და ოფიცრების გაურკვეველი ქცევები: ბარგის ჩალაგება, გამოუსადეგარი ნივთების იქვე, გზაზე გადაყრა, უაზრო შეძახილები… ჩემი თვალის ობიექტივში უცებ, ორი სამხედრო მოხვდა, რომლებიც ერთმანეთს სახლში დაბრუნებას ღიმილით ულოცავდნენ… უცნაური სიხარულის გრძნობა დამეუფლა, მიდიოდნენ და მივხვდი, რომ ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, რომელთა წასვლას მე გადავიღებდი… კამერა რუსის ჯარს კვალში ჩაუდგა… ტანკები, ბეტეერები, სამხედრო მანქანები — მიდიოდნენ… იგოეთიდან გორამდე გახსნილი ბლოკ-პოსტების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდებოდა…
ჩვენი გზაც გორში დასრულდა…
ოღონდ, უკან თბილისის მიმართულებით, გარემო იგივე იყო, მხოლოდ ერთი განსხვავებით – არცერთი რუსული ბლოკ-პოსტი და ქართველი სამხედროები იგოეთის ცენტრალურ მაგისტრალზე… სამუშაო დღეც დასრულდა… ისევ ტელეფონის ზარი და უფროსის ხმა: შენ შეგიძლია სახლში წახვიდე, მაგრამ დილით გელოდებით…

* * *

856430_4500560517552_1045542122_o

გიორგი მანჯავიძე

«ბინგო»

….. მე და ჩემი მეგობრები წლების განმავლობაში სამხედრო თემატიკაზე ვმუშაობთ. ამიტომაც მათ უმეტესობას პირადადაც ვიცნობდით. გზად ერთ-ერთ ჯარისკაცს გამოველაპარაკე, რომელსაც პატარა ზურგჩანთა ჰქონდა მხარზე გადაკიდებული. თუ ვინმეს ჰქონია ჯართან ოდესმე შეხება შეიძლება იცოდეთ რომელ ზურგჩანთაზე ვსაუბრობ. ის მცირე ზომის სამხედრო ჩანთაა. რომელსაც “ბინგო” აწერია. და მას ჯარისკაცები ძირითადად ტყვია წამლის მარაგისთვის იყენებენ. იმ ჯარისკაცს რომელსაც მე გავესაუბრე ზურგჩანთაზე თავისი ინიციალები ეწერა. ჩვენი საუბარი მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა რადგან ჩვენი ბიჭების მოწინავე კოლონას წინ ჩასაფრება დახვდა. ჯარისკაცებმა გვთხოვეს რომ მათთან ერთად წასვლისგან თავი შეგვეკავებინა.  – “ბიჭებო,მაგრად გთხოვთ ნუ გამოგვყვებით. წინ უკვე სერიოზული შეტაკებაა და თქვენი მოვლის თავი არ გვაქვს. სხვა საქმეზე უნდა ვიფიქროთ და ხელი შეგვეშლება”. ამ სიტყვების შემდეგ თავს უფლება ვერ მივეცით რომ მათ გავყოლოდით და ისევ უკან დავბრუნდით….

ცოტა ხანში საქართველოს ცაზე რუსული ავიაცია გამოჩნდა. ეს კადრები ყველას გაქვთ ნანახი. მახსოვს ავიაციის პირველ გამოჩენას რამხელა ოვაციები მოყვა. ყველას ეგონა რომ ეს ჩვენი გამანადგურებლები იყო. თუმცა ავიაციის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების მანქანები ინტენსიურად ამოძრავდნენ. უკვე ყველაფერი ნათელი იყო. ძნელია ამ ყველაფრის გახსენება…..

…11-ან 12 აგვისტოს(ვეღარ ვიხსენებ რიცხვს) გორის შესასვლელთან უკვე რუსები იდგნენ. მე და ჩემი მეგობარი მათთან ვიდექით და ვცდილობდით ჯარისკაცებს გავსაუბრებოდით რათა მათგან ინტერვიუ აგვეღო. ოპერატორი რაღაც კადრებს იღებმა მე კი ამ დროს ერთერთ რუსი ოფიცრის ინტერვიუზე დათანხმებას ვცდილობდი.(რთულია შენს ქვეყანაში მომხდარი კონფლიქტის გაშუქება) უცებ ჩემი ოპერატორის ხმა გავიგე – “ ჟორა,ჟორა მოდი ბიჭო შეხედე დროზე”. რუსებს ტანკი გაფუჭებოდათ და მის ამუშავებას ცდილობდნენ. ტანკზე ზევიდან ვიღაც ბინძური ტიპი იჯდა (ჯარისკაცს მას ვერ ვუწოდებ), რომელსაც სამხედრო ფორმა და ფეხზე ჩუსტები ეცვა. ვერაფრით მივხვდი რა დაინახა ჩემმა ოპერატორმა ამ ტიპში უცნაური.(მისი ჩაცმულობა და იერი არ გამკვირვებია რადგან იმ ომში ბევრი ვნახეთ მსგავსი იერით). “არა ბიჭო შეხედე,შეხედე ტო” – ჩემი მეგობრის აწითლებულმა სახემ ძალიან გამაკვირვა. ისევ იმ ტიპის თვალიერებას შევუდექი. პაუზა.  “ისარი ხო,ხო ისარი ტო?”…..

ჭუჭყიან სამხედრო ფორმაში და ჩუსტებში გამოწყბილ რუს «ჯარისკაცს» მხარზე ქართული ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, რომელსაც ქართლი ასოებით ჩვენთვის ნაცნობი ინიციალები ეწერა.

P.S. ოფიციალური ინფორმაციით რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია 170 სამხედრო მოსამსახურე. მათ შორის ის ჯარისკაციც რომლესაც 8 აგვისტოს სულ რამდენიმე წამით გავესაუბრე. სამწუხაროდ მისთვის სახელის და გვარის კითხვა ვერ მოვასწარი.

 

1016956_3272566830098_289886895_n

გურამ როგავა (რადიო იმედი 2008 წ.)

აგვისტოს ომი უემოციოდ

ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო ჟურნალისტისთვის ომში მუშაობა. ხშირად წარმოვიდგენდი საკუთარ თავს ერაყში, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების გაშუქება მომიწევდა. ამ თემისადმი ჩემი გულუბრყვილო დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოში დასრულდა, როცა რადიო „იმედიდან“ დამირეკეს და მითხრეს, რომ ერგნეთთან სროლის ხმა ისმოდა და მეც იქ უნდა წავსულიყავი. მაისური, ჯინსი, მიკროფონი და კბილის ჯაგრისი — აი, ეს იყო ჩემი არტილერია აგვისტოს ომში, და კიდევ გულთბილი გზავნილი უფროსისგან, სწორედ ის წერილი, რომელსაც ხშირად ვკითხულობდი. ძალიან მოკლე წერილი იყო, მაგრამ მამხნევებდა მაშინ, როცა ვგრძნობდი, რომ საფრთხე ახლოს იყო და დასასრულზე მეფიქრებოდა… როცა მეშინოდა, რომ დავსრულდებოდით… მაშინ, როცა მჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ ვიღაცას ვახსოვდი და ვუყვარდი. მერე ის წერილი ჩანთაში ჩავდე და დიდხანს არც გამხსენებია, რადგან იქ, ომში, სადღაც ცხინვალის მისადგომებთან ლივინგსტონი ვნახე და გამიხარდა. გამიხარდა, რომ ის ჩემთან იყო და მე ვიყავი მასთან, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთად გადავიტანდით ამ ყველაფერს… მონატრებული ლივინგსტონი ვნახე და გავიღიმე, ჩვენ ისევ ერთად ვიყავით. 
მერე იყო ცეცხლში გახვეული გორი და სახეები, სახეები, სახეები… უამრავი დანაწევრებული სხეული ჩემს ფეხებთან და მე უმოძრაოდ ვიდექი, მყარად, ჯანმრთელი და უბედური, ვერავის გავუწოდებდი დახმარების ხელს, უბრალოდ ვიდექი.
როცა სატანკო ბატალიონი დაიბომბა „აჭარის“ და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებთან ერთად იქვე, ერთერთ კორპუსთან ვიყავი, 3 დღის გამოუცვლელი მაისურით და ჩართული მიკროფონით, და მაშინ, ცხოვრებაში პირველად გავიცანი სიკვდილამდე რომ ერთი წამია აი, ის…
არ მეშინოდა! არა, ბოღმა უფრო მეტი იყო მაშინ ჩემში და შიშისთვის არც დამრჩა ადგილი, ბოღმა მახრჩობდა, როცა მივხვდი, რომ ამ ომში ვერავინ გაიმარჯვებდა, ვერც ჩვენ.
მერე კობა ლიკლიკაძემ მომიყვა, რომ როცა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დაბომბვა დაიწყეს, მე გაუნძრევლად ვიდექი და ვერავინ შეძლო ჩემთან მოახლოება, რომ მიწაზე დავეწვინეთ. გამაოცა ამდენმა რეალობამ, ასეთი ჭარბი დოზით, დაუზარელად რომ დამაყარა თავზე ვიღაც უგულო პილოტმა «რასიიდან». ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ასეთ რეალურ სურათს, მანამდე მხოლოდ დიდ ეკრანზე თუ მენახა… ჩემ თვალწინ მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებოდნენ და მე ამას ვუყურებდი, მე ჟურნალისტი ვიყავი და ვუყურებდი ამ ყველაფერს, რომ მერე თუ გამიმართლებდა, ეს რადიოს ეთერში მომეყოლა. არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ იმ დღეს მე გადავრჩი და მადლობა ამისთვის კობას, რომელმაც მარტო არ დამტოვა და სარდაფში ჩამათრია, მადლობა „აჭარის“ ტელევიზიის ჟურნალისტს პაატა შამუგიას და მის ოპერატორს გიორგი მაისურაძეს, რომლებიც უჩვენოდ არ წავიდნენ და შავ ბურუსში გვეძებდნენ. მალდობა იღბალს, რომელიც იმ დღეს აშკარად ჩემთან იყო და მადლობა შენ ლივინგსტონ, მაგრამ არ ვიცი რისთვის გიხდი მადლობას…

… მერე იყო ზარი რადიოდან და გაფრთხილება: „გურამ, ემოციების გარეშე ჩაგვერთე!“

…და მე ვიყავი უემოციო (?)

http://www.youtube.com/watch?v=puMQOcayBZw&sns=fb

Реклама

1 комментарий

Filed under Uncategorized

One response to “აგვისტოს დღიურები

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s